2022 წლის აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დაფიქსირდა 265,690 ადგილობრივი და საერთაშორისო მგზავრი და განხორციელდა 1,393 რეისი. მგზავრების მხრივ, 2021 წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით ეს არის 155%-იანი ზრდა. ეს მონაცემები ნიშნავს, რომ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების დინამიკა სწრაფად უბრუნდება ყველაზე აქტიურ და ნაყოფიერ პერიოდს, კერძოდ კი 2019 წლის ნიშნულს.
ამას გარდა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, 2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 565%-ით მეტ მგზავრს 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, ეს მონაცემები 69%-იანი ზრდაა.
2022 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 3,978 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 2,996-ს, ხოლო ჩარტერების – 982-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებელი 76.50%-ს შეადგენს.
2022 წლის განვლილ თვეებში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 90 258 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი იმყოფება 89 442 გადაყვანილი მგზავრით.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2022 (4 თვე):
მილიონი მგზავრი:
2022 წლის 4 თვის მონაცემებით, შიდა რეისებზე მომუშავე მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები ჯამურად მოემსახურა 3,546 მგზავრს.