2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადმა პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოს აეროპორტები 1,046,558 მგზავრს მოემსახურა, რაც 50%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში ეს 3%-იანი ზრდაა.
2023 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713,660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის ამავე პერიოდის რაოდენობრივ მაჩვენებელს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253,073 მგზავრი. ზრდა 2022 წლის პირველ კარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წელთან შედარებით 61%-ს. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის მოემსახურა 77,077 მგზავრს, რაც 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13% ზრდაა, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში 49%-იანი.
მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკა ფიქსირდება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც. მესტია 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით 2,494 მგზავრს მოემსახურა, რაც 9%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა მიიღო 254 მგზავრი, რაც 49%-ით ნაკლებია 2022 წელთან მიმართებაში, თუმცა 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4,839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3,802-ს, ხოლო ჩარტერების – 1,037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის სტატისტიკა, 2014 – 2023 (3 თვე):

ENG
GEO
RUS